მედია: ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ბელორუსისგან „ეკონომიკურ აღიარებას" მიაღწიეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, რომ ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ გადაწყვიტა, „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ საბაჟო გადასახადისგან თავისუფალი ვაჭრობა უზრუნველყოს. ბელორუსის მხრიდან ეს ინფორმაცია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

აფხაზური სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, რომ არძინბამ ლუკაშენკას „გადაწყვეტილება“ 14 სექტემბერს გააცნო ახალი ათონის, გუდაუთის, გაგრის და ბიჭვინთის „ადმინისტრაციების აქტივს“.

„დე ფაქტოდ ჩვენთვის ეს ეკონომიკურ აღიარებას ნიშნავს“, - განაცხადა არძინბამ.

გარდა ამისა, რადიო თავისუფლება წერს, რომ არძინას თქმით, იგეგმება „აფხაზეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების საქმიანი საბჭოს შექმნაც“.


შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს,“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.


ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.


  • რა ხდება ბელორუსის შემთხვევაში? ვრცელდება თუ არა მასზეც სანქციები იმ როლისთვის, რომელსაც ლუკაშენკოს რეჟიმი ამ ომში ასრულებს?

ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელარუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელარუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. ამას გარდა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს.


ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა.


შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ.

გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტისმინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც.


2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელარუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელარუსთან ვაჭრობის და ბელარუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.

2023 წლის 3 აგვისტოს ევროკავშირმა შემოიღო დამატებითი შემზღუდავი ზომები, რის შედეგადაც ბელარუსზე დაკისრებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს შეესაბამება. ამაში შედის: იმ საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ავიაციასა და კოსმოსურ ინდუსტრიაში — მაგალითად, ესაა საავიაციო ძრავები და დრონები; ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილების თუ არსებითი კომპონენტებისა და ტყვია-წამლის ყიდვის, მომარაგების, ტრანსფერის ან ექსპორტის აკრძალვა; დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები იმ საქონელზე, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის იყენებს — მათ შორისაა ნახევარგამტარი მოწყობილობები, ელექტრონული ინტეგრალური სქემები, სამეწარმეო და სატესტო აღჭურვილობა, ფოტოკამერები და ოპტიკური ნაწილები; და ორმაგი გამოყენების საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტის აკრძალვის გახანგრძლივება.


გარდა ამისა, ევროკავშირმა ბელარუსში დამატებითი სანქციები დაუწესა იმ 38 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, რომლებსაც წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ძალების რეპრესირებაში და რომლებიც სარგებელს იღებენ ლუკაშენკოს რეჟიმისგან და მხარს უჭერენ მას. ამჟამად ბელარუსში ევროკავშირის შემზღუდავი ზომები ჯამში 233 ფიზიკურ და 37 იურიდიულ პირზე ვრცელდება.